"სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყველაფერი იქნება ლამაზად", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს უკვე წლებია, საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება, თუმცა ბევრჯერ გაუცრუა იმედი.
"უკვე არაერთი წელია, საკუთარ მხარდამჭერებს ჩამოსვლას ჰპირდება, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება. თუმცა, ვნახოთ, თუ შემოვა, მას მიეჩინება ის ადგილი, რაც უნდა მიეჩინოს",- განაცხადა კობახიძემ.
კითხავზე, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ძალის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში ჩამოვა, კობახიძის თქმით, "ხელისუფლება სააკაშვილის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს".
"ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცავ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. რა 40 000 ათასი ადამიანი აპირებს მის დაცვას, 5 000 ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ. ჩვენ არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, ყველაფერი იქნება ლამაზად. საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად გაკეთდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებისთვის დააანონსა.