1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი 683 მოქალაქე დღემდე ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო საარჩევნო კომისია ავრცელებს.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის სპეციალისტებმა შეისწავლეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო სიების მოწესრიგებულობა, რის გამოც 12 აპრილს 25 მუნიციპალიტეტისგან გამოითხოვეს ინფორმაცია 1930 წლამდე დაბადებული მოქალაქეების შესახებ.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 აპრილის მდგომარეობით, 25 მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იყო 1930 წლამდე დაბადებული 1311 მოქალაქე.
"საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ინფორმაცია გადამოწმებულია მხოლოდ 25 საშუალო და პატარა მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 1930 წლამდე დაბადებული 3900-მდე მოქალაქიდან დღეის მდგომარეობით გარდაცვლილია 1311, მათგან 683 (17.5%) ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული.
ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი პირების შესახებ. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში, თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ", - ნათქვამია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.