"ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ მასალებმა გაჟონა".
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მოსმენები არამხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ზოგადად, სახიფათო პრაქტიკაა და უნდა შეწყდეს.
მისი თქმით, ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები არათუ გროვდება, არამედ სახელმწიფო უწყებები იყენებენ ადამიანების დევნისა თუ ზეწოლისთვის.
"ზოგადად, ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული მოსმენების დღევანდელი მექანიზმი იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი.
თუნდაც ეს ფაქტი არაა ჯერ გადამოწმებული და დაზუსტებული, თუმცა ამ ფაქტების ერთობლიობა და ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი საქმეების შესწავლის შედეგად იღებს, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო პრაქტიკა და ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. ასეთი პრაქტიკა უნდა შეწყდეს.
იგივე მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენც გვქონია საქმეები, როდესაც მოუმართავთ ჩვენთვის და დაგვიდგენია დარღვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ესა თუ პირი ან მათი ოჯახის წევრი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიის აქტივისტი ან მხარდამჭერი და ამის გამო არ დაუნიშნავთ ან გაუთავისუფლებიათ თანამდებობიდან.
ამიტომ ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები არათუ გროვდება, არამედ სახელმწიფო უწყებები იყენებენ საჯარო სამსახურებში თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადამიანების დევნისა თუ ზეწოლისთვის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.