მთავრობის დადგენილების პროექტი: საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, სპორტსმენები ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ

უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ოქროს მედალოსანი სპორტსმენების ჩარიცხვის საკითხი დღეს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში იყო შესული, თუმცა განმარტებები მინისტრთა კაბინეტის შეკრების შემდეგ არ გაკეთებულა. დღის წესრიგში მითითებულია, რომ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უნდა განხილულიყო. მომხსენებელი განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იყო.

„საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“, - ვკითხულობთ დღის წესრიგში.

Europetime განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. სააგენტო უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.