სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, „მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია მზადდებოდა“.
ბიუროს შეფასებით, მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომლის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია.
ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე. აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყოვნებლივ, კვლევის დასრულებისთანავე“, - აღნიშნულია სამხარაულის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების მეთოდი ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულია.
„ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე. ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულეციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში“, - განაცხადა დღეს გიორგი გახარიამ.