აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ავღანეთიდან არ გავიდოდა, შეერთებული შტატები "განაახლებდა ომს ავღანეთში კიდევ ხუთი, ათი ან ოცი წელი". ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
”წინა ადმინისტრაციის მიერ მიღწეული შეთანხმება მოითხოვდა, აშშ-ის ყველა ჯარისკაცის გაყვანას ავღანეთიდან პირველი მაისის ჩათვლით. პრეზიდენტს რომ თავისი წინამორბედის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ შეესრულებინა, თავდასხმები განახლდებოდა” - განუცხადა ბლინკენმა კონგრესს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
როგორც CNN წერს, "ბლინკენმა აღიარა, რომ ბევრმა ადამიანმა "არ იცის" შეთანხმება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ გააფორმა ავღანეთზე.
"ამ შეთანხმების ფარგლებში, წინა ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა ავღანეთის მთავრობაზე, რათა მას 5 000 თალიბი გაეთავისუფლებინა, მათ შორის რამდენიმე სამხედრო მეთაური. გარდა ამისა, წინა ადმინისტრაციამ ჩვენი ძალების რაოდენობა 2 500 ჯარისკაცამდე შეამცირა. სანაცვლოდ, თალიბები აშშ-ისა და პარტნიორ ძალებზე თავდასხმის შეწყვეტას დათანხმდნენ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, "თალიბანმა" განაგრძო დაუნდობელი სვლა, ხოლო 2021 წლის იანვრისთვის "თალიბანს" ყველაზე ძლიერი სამხედრო მდგომარეობა ჰქონდა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქაბული აშშ-ს საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა.