გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის განცხადებით, სერბეთს და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს: ალბანეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. ამის შესახებ იმფორმაციას Deutsche Welle ავრცლებს.
”ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ სერბეთი და მთელი რეგიონი საბოლოოდ გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენ, ვინც უკვე ვართ ევროკავშირის წევრები, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი აბსოლუტური გეოსტრატეგიული ინტერესია, ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები იყვნენ”, - აღნიშნა მერკელმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც მერკელმა აღნიშნა, სერბეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე მიაღწევს პროგრესს სასამართლო რეფორმების მიმართულებით, რაც 27 წევრიანი ბლოკის წევრობის წინაპირობაა.
რაც შეეხება სერბეთსა და კოსოვოს შორის მიმდინარე დაძაბულობას, მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის მოგვარება - და სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება - ასევე წინაპირობაა ევროკავშირის წევრობისთვის.
მედიის ცნობით, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უკანასკნელად სტუმრობს. დღეს ის ალბანეთში ჩავა, სადაც ალბანეთის, სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებს შეხვდება.