არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მეოთხე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოს 2 გზა აქვს, ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა და აშშ - უნივერსალური ვაქცინაცია დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ჯგუფებში დავიწყოთ. ესენი ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან და ამ პაციენტების რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა.
აქვე მინდა დავამატო, რომ აშშ სავარაუდოდ, ნოემბრისთვის მიიღებს ვაქცინაციას 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ჩვენ ცოტათი ჩამოვრჩებით ამ ტემპს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები კორონავირუსის ძირითად სამიზნეს არ წარმოადგენენ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ფეხმძიმეებს, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.
„ორსულები პრიორიტეტული ჯგუფია და მათში როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს. არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მეოთხე, მაგრამ მოსალოდნელია შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.