პრემიერ-მინისტრი: ნულოვანი კომპრომისი იქნება, არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ ყველას "საკადრისი პასუხი გაეცემა", ვინც სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ "შეთქმულებაში" მონაწილეობს. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში "პროვაკაციის" ნებისმიერ მცდელობაზე ნულოვანი კომპრომისი იქნება.

"კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არის საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, ეს ადამიანები უცხადებენ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს და ამყოფებენ ამ ომის, ამ ტერორის პირობებში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში და მანამდე, გახსოვთ, როგორი მოჩვენებითი, ილუზიური რეალობა იყო ჩვენს ქვეყანაში. მათი პროპაგანდის მეშვეობით, სწორედ ჯოჯოხეთი იყო ნაჩვენები სამოთხედ და ახლა პირიქით, ასეთ სიტუაციას, განვითარებას, პროგრესს, სიმშვიდეს, სტაბილურობას მოაჩვენებენ, როგორც აპოკალიფსს.

ამიტომ მეგობრებო, ჩვენ ამ შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, მათ, შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ ჯერ კიდევ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მედიაში გავრცელებული „ფარული ფაილების“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

ამავე თემაზე:

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: ეს არის ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს, სარწმუნოების, მღვდელმთავრებისა და მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ