29 ნოემბერს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 250 ადამიანი მინსკში დააპატიმრეს.
კვირის მორიგმა აქციამ ამჯერად "მეზობლების მარშის" სახელი მიიღო. დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა რაიონებში პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში ერთ კოლონად უნდა გაერთიანებულიყვნენ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები.
აქციის დაწყებამდე მინსკში კვლავ შეფერხებული იყო მობილური ინტერენეტის კავშირის და დახურული იყო მეტროს ცენტრალური სადგურები.
საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.