დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებების სტატისტიკა გამოაქვეყნა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მიმდინარე წლის აგვისტოს თვის დაკავებების სტატისტიკას აქვეყნებს. ე.წ საზღვართან აგვისტოში 38 პირი დააკავეს, მათგან „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის" დარღვევისთვის 14 პირი, ხოლო ე.წ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის 24 პირი.

დე ფაქტო უშიშროების ცნობით, ივლისში 19 პირი ჰყავდათ დაკავებული, აგვისტოში კი სასაზღვრო დანაშაული ორჯერ გაიზარდა.

„ადმინისტრაციულ ჯარიმას დაექვემდებარა 22 ადამიანი, 4 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის მე-14 მუხლით, 10 მოქალაქე გააფრთხილეს სასაზღვრო ზონაში არალეგალური საქმიანობის გამო, ხოლო ორი ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე", - აღნიშნავს დე ფაქტო რესპუბლიკის პრესსამსახური.

ის მოქალაქეებს ახსენებს, რომ ე.წ სასაზღვრო ზონაში გამგზავრებისას თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პასპორტი, სამსახურის მოწმობა, არასრულწლოვნებისთვის - დაბადების მოწმობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ასევე სასაზღვრო ზონაში გადასასვლელი საშვი).

ამ სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულები დე ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევეს. გაძევებაში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეების გადმოცემა ერგნეთის საგუშაგოზე.

წყარო - რადიო თავისუფლება