ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, დღეს ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში, ალეშ ხმელარჟს უმასპინძლა.

EUMM-ის ცნობით, ოძისის ე.წ. გადაკვეთის პუნქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და იმ გავლენაზე, რომელიც მათ აქვთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.

მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ „ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესს და გადაკვეთის პუნქტების გახანგრძლივებულ დახურვას ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და მათთვის სამედიცინო მომსახურების, განათლების და სოციალურ სერვისების ხელმისაწვდომობაზე.