ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ კიევში, თბილისსა და ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნატოს შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე უკვე მიაღწიეს თანხმობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეუძლია წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს. გარდა ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ დიდწილად უკვე შეასრულა სამოქმედო გეგმის მოთხოვნები და ახლო მომავალში ალიანსის 31-ე წევრი უნდა გახდეს“, - წერს უკრაინული გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და ამ ეტაპზე ყველა მოკავშირის პოლიტიკური თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის.
წყაროების ინფორმაციით, დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.