„ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების მშენებლობის დასრულების შესახებ თბილისის მერიასა და საინვესტიციო და სარემონტო ობიექტების შემსრულებელ კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფრომდა. მემორანდუმს ხელი კომპანიების - „სი-ემ-სი“, „მეტა“, „ნექსთ დორი“, „იქს მშენი“, „არქი დეველოპმენტი“ - წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მოაწერეს.

კახა კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია.

„მინდა სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პონტის“ პრობლემა მოგვარებულია. 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ყველა დაზარალებული ოჯახი, დაზარალებული ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს. ყველა ობიექტეისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თითოეული ობიექტის დასრულების ვადა სწორედ დღეს გაფორმებული მემორანდუმით იქნება განსაზღვრული. მისი თქმით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განსაზღვრული ვადების შესრულების გარანტორი თბილისის მერია იქნება.

„რაც შეეხება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერას, თქვენ გახსოვთ, რომ თავიდანვე შევიმუშავეთ ე.წ. ზიარჭურჭლის პრინციპი - არ არსებობდა პრივილეგირებული ობიექტები და დაზარალებულები. დღევანდელ მემორანდუმში თითოეული ობიექტის მიხედვით, განსაზღვრულია დასრულების ვადები, რომლის შესრულების გარანტორი თბილისის მერია არის. მემორანდუმში მონაწილე კომპანიები ორ ნაწილად იყოფიან, ერთი არის ე.წ. სარემონტო ობიექტების შემსრულებელი კომპანიები, მეორე - საინვესტიციო ობიექტების ინვესტორები. აღნიშნულ მემორანდუმს დაზარალებულებს საინიციატივო ჯგუფი გააცნობს, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამომავლო მონიტორინგისთვის ერთგვარი ინსტრუმენტი გახდება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.