30 ნოემბრის მთავარი გზავნილები ჯანდაცვის სპეციალისტებისგან

„ჩვენ უკვე პიკში ვართ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა.

მან იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ყოველდღიურად გვაქვს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, ხოლო დღეს რომ 3 216 შემთხვევა დაფიქსირდა, იმას ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევა ჩატარდა.

რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: როგორ დავიცავთ რეგულაციებს.

„ვფიქრობთ, შესაძლებელია შემთხვევების ცოტა კიდევ ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას.

„სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო. სერიოზული ზრდა გვაქვს ქეყანაში. ამის შესაჩერებლად არსებობს

რამდენიმე მიდგომა: შემზღუდავი ღონისძიებები, რაც ქვეყანამ დააწესა. დაწესება ერთია და მისი აღსრულება - მეორე. თუ რეკომენდაციებს არ აღვასრულებთ და თითოეული ადამიანი არ გავითავისებთ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, არაფერი გამოვა. თუ ამას კარგად შევასრულებთ, 3-4 კვირის განმავლობაში მოგვცემს შედეგს და ახალი შემთხვევები თანდათან შემცირდება“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მოქმედი ყველა პროტოკოლი და გაიდლაინი მტკიცებულებებს ეყრდნობა და ჩვენი ქვეყნის საჭიროებისამებრ საერთაშორისო პროტოკოლების ადაპტირებას წარმოადგენს.

დღევანდელი სხდომის შემდეგ, ასევე გახდა ცნობილი, რომ საქართველო გააფორმებს ხელშეკრულებას მწარმოებელთან და მისი გაფორმებიდან 2 კვირაში, სამკურნალო პრეპარატი - „რემდესივირი“ ​ქვეყანაში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დღეს 3216 ახალი შემთხვევა გამოვლინა. 37 გარდაიცვალა. 30 ნოემბრის სტატისტიკა, ამ ბმულზე ნახეთ.