საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე თურქ კოლეგას აბდულჰამიტ გიულის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა. ა

ბდულჰამიტ გიული საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

"ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სახელმწიფო სერვისების შემდგომი განვითარება - რატი ბრეგაძემ თურქეთის იუსტიციის მინისტრს სამინისტროს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება გააცნო.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მჭიდრო კავშირი მრავალ სფეროში წარმატებული პარტნიორობის საფუძველია.

თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიტ გიული სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმითაც დაინტერესდა და უწყების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 2021-2024 წლებისთვის სამინისტროებს შორის პარტნიორობის ერთობლივ პროგრამას განსაზღვრავს.

მოგვიანებით, რატი ბრეგაძემ და აბდულჰამიტ გიულმა თბილისის იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სახლის საქმიანობას გაეცნო და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

აბდულჰამიტ გიულმა რატი ბრეგაძეს ინფორმაციის გაცვლისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პარტნიორობისთვის მზაობა გამოთქვა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.