,,მთავარის“ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ

ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორი ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ოპერატორი ლევან აბლოთია. ამას უარყოფენ მმართველ გუნდში.

ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „4-ჯერ“ ესაუბრა შტაბის წევრებს ქარელში და ფიზიკური შეხება ოპერატორთან არ ყოფილა და სიცრუეა, რომ ოპერატორი გადმოაგდეს. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უკუსვლით წასული ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და ერთმეტრიანი დისტანციიდან გადავარდა“.

„პრესსამსახურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ვიდეოს და ფოტოებს, სად დაეცა ოპერატორი და კიდევ ერთხელ მოხდება ტყუილის მხილება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ის აივნიდან თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა.

,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი აივნიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა.