SpaceX-მა კოსმოსში მოყვარული ასტრონავტებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი გაგზავნა

ისტორიაში პირველად, კომპანია SpaceX-მა კოსმოსში გაგზავნა მისია, Inspiration4, რომელიც მხოლოდ მოყვარული ასტრონავტებისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ოთხი ასტრონავტი ხომალდი Dragon-ით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაემგზავრა. ასტრონავტები მომდევნო სამ დღეს დედამიწის გარშემო იმოძრავებენ.

ეკიპაჟის წევრები არიან: მილიარდერი ჯარ აიზეკმანი, რომელმაც მისია დააფინანსა, გეოლოგი სიან პროკტორი, სამხედრო ძალების ვეტერანი კრის სემბროსკი და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელი ჰეილი არსენო. მათ მოგზაურობისთვის 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

მისიის მიზანი 200 მილიონი დოლარის შეგროვებაა მემფისის ბავშვთა საავადმყოფოსთვის St. Jude Children's Research Hospital. სწორედ აქ განიკურნა ბავშვობაში ძვლების სიმსივნისგან ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო.