გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შობა-ახალი წლის დღეებში სასტუმროების მიერ მუშაობის განახლების წინააღმდეგია, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
როგორც კანცლერმა განაცხადა, სასტუმროების გახსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს.
სასტუმროების მუშაობის განახლების თაობაზე გერმანიის თითოეულმა რაიონმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ შობა-ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აჭარბებდეს.
კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.
ამასთან, დეკემბრიდან ახალი შეზღუდვა ექნებათ მაღაზიებს და ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველის მიღებას შეძლებენ. გერმანია შეზღუდვების გახანგრძლივებას საშობაო პერიოდის შემდეგაც გეგმავს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების ერთ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 560 პაციენტი გარდაიცვალა.