შს მინისტრი არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ელჩებს ესაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, შვედეთის სამეფოსა და სლოვენიის ელჩები, აგრეთვე, ბელგიის სამეფოს, ბულგარეთის, ესპანეთისსამეფოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები.

"შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს 2 ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამინისტროს მიერ ჩატარებულისაგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.