კიევის კულტურის უნივერსიტეტში Tik-Tok-ის ფაკულტეტი გაიხსნა

უკრაინაში, კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა მიხაილ პოპლავსკიმ თავის უნივერსიტეტში Tik-Tok-ის ფაკულტეტის შექმნის შესახებ განაცხადა.

რექტორის თქმით, ეს არის პირველი ასეთი ფაკულტეტი უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

”ჩემი ისტორიული მისიაა Tik-Tok-ის უკრაინიზაცია. მე უნდა გავუძღვე ახალგაზრდა, შემოქმედებით, ამბიციურ და პერსპექტიულ ადამიანებს - ვინც შექმნის უკრაინის ახალ ისტორიას. ვისურვებდი, რომ თქვენ ჩაერთოთ ამ ქსელში და გაავრცელოთ უკრაინული Tik-Tok მთელ მსოფლიოში", - თქვა მიხაილ პოპლავსკიმ ფაკულტეტის გახსნისას.

ახალი ფაკულტეტი სტუდენტებს TikTok-ისთვის ვიდეოს გადაღებას ასწავლის. ფაკულტეტზე სწავლა უფასო იქნება.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მომავალმა "ტიკტოკერმა" უნდა იცოდეს სოციალური ქსელების ტენდენციები, იყოს საინტერესო, შექმნას ორიგინალური შინაარსი, გააგრძელოს დრო და წინ უსწროს კიდეც მას.

„ჩვენ სწავლებას ნულიდან ვიწყებთ, მაგრამ დასრულების შემდეგ თქვენ დიპლომის მიღებას შეძლებთ. კულტურის უნივერსიტეტი ბრენდია, რომელიც მსოფლიო საინფორმაციო სივრცეს იპყრობს", - განაცხადა პოპლავსკიმ.

71 წლის მიხაილ პოპლავსკი აქტიურად ინარჩუნებს საკუთარ გვერდს Tik-Tok-ის სოციალურ ქსელში. ის სტუდენტებთან ერთად იღებს იუმორისტულ ვიდეოებს და ცდილობს, დაიწყოს საცეკვაო გამოწვევები.

მანამდე უკრაინის ქალაქ შოსტკის მერმა, მიკოლა ნოგამ ქალაქის ოფიციალურ პირებს დაავალა, დარეგისტრირდნენ TikTok-ში.