საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ

საფრანგეთმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზურგში დანის ჩარტყმასა და დონალდ ტრამპის მსგავსად ქცევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი თავდაცვის სფეროში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ალიანსის მიღმა აღმოჩნდა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს.

ფრანგული წყალქვეშა ნავების 40 მილიარდი დოლარის გარიგება კი უქმდება. კერძოდ, 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა და ჩაენაცვლებინა ორ ათწლეულზე მეტი ხნის Collins-ის წყალქვეშა ნავები.

ეს სასტიკი, ცალმხრივი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება მახსენებს იმას, რასაც ბატონი ტრამპი აკეთებდა”, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რადიო Franceinfo-ს.

„მე გაბრაზებული ვარ. მოკავშირეებს შორის ასე არ ხდება, - დაამატა ფრანგმა დიპლომატმა.

ორი კვირის წინ, ავსტრალიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეთანხმება საფრანგეთთან, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომავალი თანამშრომლობა შეაქო, როდესაც ის ივნისში მასპინძლობდა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს სკოტ მორისონს.

ბრიტანული მედია წერს, რომ ვაშინგტონის ქმედებები ავსტრალიაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს ტრანსატლანტიკურ კავშირებს. ევროკავშირი ხუთშაბათს ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის გახმოვანებას გეგმავდა, პარიზი კი ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარებისთვის ემზადება.

„ეს არის „მეხის გავარდნა", - განაცხადა ბრუნო ტერტრეისმა, პარიზში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევის ფონდის დირექტორის მოადგილემ, რომელმაც მომხდარი 1805 წელს საფრანგეთის მარცხს შეადარა, როდესაც საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი ტრაფალგარის ბრძოლაში გაანადგურეს. მისი თქმით, ეს „გაართულებს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას რეგიონსა და მის გარშემო“.

„ამით პეკინი ისარგებლებს", - აღნიშნავს ანალიტიკოსი. Reuters-ს ჯო ბაიდენის განცხადებაც მოჰყავს, რომლის თანახმად, საფრანგეთი კვლავ რჩება ინდო-წყნარი ოკეანის ზონის მთავარ პარტნიორად.

ამასთან, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება საფრანგეთთან „მჭიდროდ და პოზიტიურ მუშაობას.

„საფრანგეთი არის ავსტრალიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარი მეგობარი და პარტნიორი“, - აღნიშნავს მორისონი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს.