ნათია თურნავა: გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა

"გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, გამორიცხული არ არის, გამყარების ტენდენცია გაგრძელდეს, რადგან ამას ბევრი საფუძველი აქვს.

"ეკონომიკის გაჯანსაღების ირიბი, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი არის ლარის მეტი სტაბილურობა, რამაც ძალიან დადებითი როლი შეასრულა ყველა მიმართულებით.

ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, ჩვენ არსებითად გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა. ეს პროცესი შეიძლება მომავალში გაგრძელდეს და მეტად გამყარებას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, გლობალური პანდემიის ფონზე ამ კუთხით პროგნოზირება რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტურიზმი უფრო მეტად გაჯანსაღდება და მეტი უცხოური ვალუტა შემოვა ამ არხიდან, ამის თქმის საფუძველს იძლევა.

"პანდემიის მიუხედავად, წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ჩვენი, ქართული პროდუქციის ექსპორტი. პირველ რვა თვეში 26-27%-ით გვაქვს გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით და წინა ჩავარდნილ წელსაც რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩავარდნილი წელი იყო, 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი. ეს კიდევ ერთი წყაროა უცხოური ვალუტის, რომელიც აქ ისეთ ბალანსს იძლევა, რომ ჩვენი ვალუტა იქნება სტაბილური", - განაცხადა თურნავამ.