კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, გელათის სამონასტრო კომპლექსს დამატებითი ვიზიტით UNESCO-ს ექსპერტი ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს რიგით მეორე ვიზიტით ეწვია UNESCO-ს იტალიელი ექსპერტი, რომელიც გელათში 23-30 ივნისს იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ექსპერტის საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის შედარება ივნისში არსებულ მდგომარეობასთან, ასევე, მარტის თვეში ქართველი სპეციალისტების მიერ განხორციელებული სატესტო ჩარევების შედეგების შეფასება და საკულტო ნაგებობის კედლის ფერწერის 5 ახალგაზრდა ქართველი რესტავრატორის ტრენინგი.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი; ძეგლის გადახურვის სპეციალისტები: უგო ტონიეტტი, სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში არსებული მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნები, რომლებშიც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა არის შეფასებული და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული. სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მუშავდება სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენისთანავე გახდება საჯარო.

როგორც სახურავთან, ასევე ფერწერასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, გელათს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი ეწვევა, რომელიც პროფესიით კლიმატოლოგია. მისი მისიაა, სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დაყენებული სენსორების მონაცემების დეტალური შესწავლა და სახურავის არქიტექტორ-რესტავრატორებისათვის პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება. ეს ყოველივე კი აუცილებელია იმის შესაფასებლად, ახდენს თუ არა ამჟამინდელი სახურავი, მისი მოწყობის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მავნე ზეგავლენას ტაძარში არსებულ კლიმატზე და შესაბამისად კედლის ფერწერაზე", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.