ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს მასთან დაკავშირების არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში სარჩელი გაფრინდაშვილმა 16 სექტემბერს შეიტანა.

როგორც ცნობილია, სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit -ის (ლაზიერის გამბიტი) დასკვნით ეპიზოდში გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.

სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ის 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.

სერიალში ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში, მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს".

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

The Hollywood Reporter-ის თანახმად, სარჩელში აღნიშნულია, რომ "მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს, აშკარა სიცრუეა, ასევე უხეშად სექსისტური და დამამცირებელი”.

ნონა გაფრინდაშვილი (1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები) მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია.

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლებში.

1983 წელს გახდა პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი.

1989 -1996 წლებში ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.