სომხეთი აზერბაიჯანს რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ჰააგაში უჩივის

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ერევანმა ბაქო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1965 წელს.

მოსარჩელის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი "სომხებს ათწლეულების განმავლობაში რასობრივი დისკრიმინაციის ქვეშ აყენებდა", სახელმწიფო "ატარებდა სომხების მიმართ სიძულვილის პოლიტიკას", რის შედეგადაც ისინი "განიცდიდნენ სისტემური დისკრიმინაციას, ხოცვას, წამებას და სხვა სახის ძალადობას " .

მომჩივნის თქმით, ეთნიკური ან ეროვნული წარმოშობის სომხები, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, დისკრიმინირებულნი იყვნენ.

სომხეთის სარჩელის თანახმად, აზერბაიჯანმა ეს პრაქტიკა ისევ გამოიყენა 2020 წლის სექტემბერში, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის დროს და შეიარაღებული კონფლიქტისას სერიოზულად დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენცია.