დავით გარეჯის საქმის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერები შეიკრიბნენ და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სახელმწიფო ბრალმდებელს სტვენით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით შეხვდნენ.
დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარმოადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში ჩაუდგნენ, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.