პრემიერი ორთვიანი შეზღუდვებით მობილობის კლებასა და ჰოსპიტლების განტვირთვას მოელის

"პრემიერი 2-თვიანი შეზღუდვებით მობილობის კლებას და ჰოსპიტლების განტვირთვას იმედოვნებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრეს.

„ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

„ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალოდა მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში იუწყებიან, რომ ამ მხრივ, ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით. მათივე ცნობით, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, წინა შეხვედრის შემდეგ მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზდეს. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე და ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობაც.

კლინიკებთან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს ინტენსიურად მართავს.