ნიკა მელიას საპარლამენტო მანდატის საკითხს პარლამენტი პირველივე სხდომაზე განიხილავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, პარლამენტი პირველივე პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით პლენარული სხდომა დაგეგმილი არ არის და სავარაუდოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ დაინიშნება.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, მხარი უკვე დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ნიკა მელიას განცხადება გახდა.

„სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე. დღეს გაიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, ეს გახლავთ ფორმალური ნაწილი მისი განცხადების განხილვისა. რაც შეეხება სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ვნახავთ როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება. ჯერჯერობით პლენარული სხდომა დაგეგმილი არ არის. რეგლამენტიდან გამომდინარე, პირველივე პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა მოხდება, რომელიც არჩევნების შემდეგ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით მელიამ თავიდანვე უარი განაცხადა, ამნისტიის გამოყენებაზე.

„ისინი 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ, რადგან ამნისტიის აღიარება არ უნდოდათ. შემდეგ ხელი მოაწერეს და ამნისტია აღიარეს. შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონს მხარი არ დაუჭირეს და ამით ამნისტია არ აღიარეს. ეს ურთიერთგამომრიცხავი ქმედებებია. ეს საკითხი სრულად მისი და ქართული მართლმსაჯულების გადასაწყვეტია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით, პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.