შვეიცარიის მოსახლეობამ ნეიტრალიტეტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭირა

კვირას, 27 სექტემბერს, შვეიცარიის მოსახლეობამ უფრო მკაცრი ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ინიციატივას „შვეიცარიის ნეიტრალიტეტის დაცვა“ ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა და 26-ვე კანტონმა მხარი არ დაუჭირა.


რას ითვალისწინებდა ინიციატივა

„Pro Switzerland“-ის მიერ ინიცირებული და მემარჯვენე შვეიცარიის სახალხო პარტიის (SVP) მხარდაჭერილი ინიციატივა ითვალისწინებდა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას იმის შესახებ, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი არის „მუდმივი და შეიარაღებული“. ინიციატივის თანახმად, შვეიცარიას არ უნდა ჰქონოდა უფლება, გაწევრიანებულიყო ან ეთანამშრომლა სამხედრო ალიანსებთან, მათ შორის NATO-სთან, გარდა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევისა. ასევე, ქვეყანას არ უნდა დაეწესებინა სანქციები, თუ ისინი გაეროს მიერ არ იქნებოდა დაწესებული ან მანდატირებული.


ინიციატივა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაზიარებას მოჰყვა. ინიციატივის მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ ეს შვეიცარიის ნეიტრალიტეტს ეწინააღმდეგებოდა. იგივე პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამს მოსკოვსაც.


რას ნიშნავს „არა“


შვეიცარია კვლავ ნეიტრალური სახელმწიფო რჩება, ის ნეიტრალურია 1815 წლიდან/ჩანაწერი კონსტიტუციაში 1848 წლით თარიღდება. ამასთან, შვეიცარიას კვლავ რჩება შესაძლებლობა, ნეიტრალიტეტი მოქნილად განმარტოს.


მთავრობას კვლავ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემოღება და NATO-სთან თანამშრომლობა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა განაცხადა: „შვეიცარია გუშინ ნეიტრალური იყო, დღესაც ნეიტრალურია და მომავალშიც ნეიტრალური დარჩება.“ მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგი თავად ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ მიცემულ ხმას არ წარმოადგენს. მთავრობა, პარლამენტი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, გარდა SVP-ისა, მოსახლეობას ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ.


ცნობისთვის, შვეიცარია თითქმის 400 წელია ნეიტრალური ქვეყანაა. შვეიცარიის ნეიტრალიტეტი მუდმივი და “შეიარაღებული ნეიტრალიტეტია”, რაც ქვეყანას გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები.


როგორ გახდა შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანა?


1647 წელს ნეიტრალიტეტი ოფიციალურად განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად. 1815 წელს ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა ვენის კონგრესზე შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ოფიციალურად აღიარეს და დღევანდელი შვეიცარიის საზღვრებიც დაადგინეს.


ნეიტრალიტეტმა შვეიცარიას პირველი მსოფლიო ომის დროს ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებაში შეუწყო ხელი, რადგან ომში რომელიმე მხარის მხარდაჭერას შეეძლო ქვეყანა რელიგიური და ენობრივი ნიშნით გაეყო. 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულებამ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი მშვიდობის შენარჩუნებას დაუკავშირა, ხოლო 1920 წელს შვეიცარია ერთა ლიგის წევრი გახდა.


მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ცივი ომის პერიოდში შვეიცარია კვლავ მკაცრად იცავდა ნეიტრალიტეტის პრინციპს: ქვეყანა მხოლოდ 1963 წელს შეუერთდა ევროპის საბჭოს, ხოლო 1975 წელს ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს.


ნეიტრალიტეტის სამართლებრივი საფუძვლები 1907 წლის ჰააგის კონვენციებით არის განსაზღვრული, თუმცა დროთა განმავლობაში ახალი კითხვებიც ჩნდება - მაგ. როგორ ვრცელდება ნეიტრალიტეტის პრინციპი ციფრულ სივრცეზე ან, კოსმოსზე. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის შესახებ დისკუსია კიდევ უფრო გაააქტიურა.


ფედერალურ საბჭოს მიაჩნია, რომ ნეიტრალიტეტი შვეიცარიისთვის კვლავ მნიშვნელოვანია. მას სურს, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს როგორც შვეიცარიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტრუმენტი.
ამ გზით შვეიცარია ცდილობს, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა და ამავდროულად, ხელი შეუწყოს მშვიდობიან საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას.