სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ ორივე შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ცნობისთვის, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ პრეზიდენტს საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

14 სექტემბერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.