თბილისის მერია, მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავის და ნეშტის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
მერიის განცხადებით, საფლავის დაზიანება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ გამოუწვევია და გავრცელებული ინფორმაცია, სიცრუეა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. 2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შექმნილი საიდუმლო დოკუმენტები ანონიმურად გავრცელდა, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში აღწერილია, რომ მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიის მხრიდან ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოებისას იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა, ნეშტის ნაწილები კი გაიბნა.