ამერიკულმა კომპანია Netflix-მა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს უპასუხა.
ladbible-ს ცნობით, კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ მოჭადრაკის ბრალდებები უსაფუძვლოა.
„Netflix-ი უაღრესად დიდ პატივს სცემს ქალბატონ გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და მტკიცედ დავიცავთ თავს სასამართლოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit -ის (ლაზიერის გამბიტი) დასკვნით ეპიზოდში გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.
სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ის 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.
სერიალში ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში, მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს".
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.