ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე: უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის გახარიას ხელწერა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას შეცდომა უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ერთი იუდა ყველა გუნდშია და ამაში გასაკვირი არაფერია.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში" ყველა კრიზისი გახარიამ შექმნა, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფასი გადაიხადა.

პირველ კრიზისად ღარიბაშვილმა "კლუბებში შევარდნა" დაასახელა.

"პოლიციელები აცემინა, გამოვარდა და ვიღაცებს ვითომ მერე ბოდიში მოუხადა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.

მისი განცხადებით, მეორე მთავარი კრიზისი პანკისში სპეცრაზმის ჩაყვანაა: "აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, უგუნური ქმედება. ლამის შუღლი და უბედურება გამოიწვია ფართომასშტაბიანი. აცემინა ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები.

მერე იყო 20 ივნისი, გავრილოვის ღამე, რომელიც, რა თქმა უნდა, მისი ჩავარდნაა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არ იყო თბილისში. ვის უნდა გაეკონტროლებინა თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც ვიცე-პრემიერი იყო და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო. შს მინისტრი იყო, საზღვარს ვინ აკონტროლებს?

გამოიყვანა გარეთ დამწყები სპეცრაზმელი... პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ვისაც აქვს ცოდნა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე. მე ეს კითხვა მას დავუსვი, როცა მეორე დღეს ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა იყო. რატომ აცემინა 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმელები აგრესიულ ბრბოს? ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო.

მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე პარტიის ოფისში ვიყავი და ვკითხულობდი, სად არის წყალი, გაზი? დაუშინეს მერე და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.