„წითელმა ჯვარმა“ 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცემს

საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის ფონზე და საქართველოში ბოლო პერიოდში Covid-19-ით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში და განსაკუთრებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დღის წესრიგში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ჟანგბადით მომარაგების საკითხი დადგა.

"აღნიშნული საკითხის მოგვარებაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად ჩაერთო და ოპერატიულ რეჟიმში 22 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მოძიება და ტვირთის საქართველოში ტრანსპირტირება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.