ფარული ჩანაწერების საქმეზე ინგა გრიგოლია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ე.წ.ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ჟურნალისტებს გრიგოლიამ განუმარტა, პროკურატურაში მისი მისვლის მიზანია, გაარკვიოს, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება.

"რადგან ამ დოზით კონტროლდება საზოგადოების ყველა აქტიური წევრის საუბარი, მიმოწერა, რადგან ამ დოზით ხდება მათი მიყურადება, ეს არის პირდაპირი გზა ურთიერთდაპირისპირებისკენ. ჩემი აზრით ეს სანახაობა დადგა ხელისუფლებამ, სხვას, როგორც გავარკვიე, არ ხელეწიფება წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ფაილებზე," - აცხადებს ინგა გრიგოლია, რომელიც პროკურატურაში ადვოკატ ლევან მახარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ფარული ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.