დამოუკიდებელი ექსპერტები აშშ-ს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერი დოზის გაკეთება მასიურად არ დანარგენონ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც რჩევებს აძლევს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის დაამტკიცა. თუმცა არ დაამტკიცა მესამე დოზის ფართოდ დანერგვის გეგმა.
ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა წინააღდეგობაში მოდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმასთან, რომელიც ითვალისწინებდა "ბუსტერ" დოზის თითქმის ყველა ამერიკელისთვის მიცემას, დროის განმავლობაში ვაქცინათა ეფექტიანობის კლების საწინააღმდეგოდ.
FDA, რომელიც ხშირად ითვალისწინებს ჯგუფის რეკომენდაციებს, ოფიციალურ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში მიიღებს. გამაძლიერებელი დოზა უნდა დაამტკიცოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც (CDC), რომელმაც ამ საკითხზე ასევე მომავალ კვირაში უნდა იმსჯელოს.
"ბუსტერ" დოზის შესახებ კენჭისყრა ექსპერტების ჯგუფში 16-2 შედეგით დამთავრდა. ექსპერტებმა გამაძლიერებელი დოზის ფართოდ დანერგვის არდამტკიცების მიზეზებად მოიტანეს დამატებითი დოზების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა, მათ ასევე დასვეს კითხვა, რამდენად საჭიროა გამაძლიერებელი დოზების მიცემა ყველასათვის და არა კონკრეტული, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ჯგუფებისთვის. იყო შეშფოთება იმაზეც, მესამე დოზები ხომ არ გააძლიერებს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობას.