ელენე ხოშტარია სუს-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკანონო ფარული მოსმენებისა და თვალთვალის გამო, ის აპირებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომდე მივა.

ბრიფინგი ელენე ხოშტარიამ და იურისტმა გიგა ლემონჯავამ 18 სექტემბერს გამართეს და მოუწოდეს ყველა პოლიტიკოსს, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ იურისტს "ერთიანი ბრძოლისკენ, რათა შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი ტაქტიკა".

ხოშტარიას თქმით, ფარული ჩანაწერების მიხედვით ამ დრომდე გასაჯაროებულ ყველა დოკუმენტში ამბები, რომლებშიც ის არის ნახსენები, ნამდვილად მოხდა, რაც ჩანაწერების ავთენტიკურობის დადასტურებაა.

"ანუ ეს არის რეალურად ჩემი ფარული ჩანაწერი, რომელთაგან ყველა უკავშირდება ჩემი და ჩემი გუნდის საპროტესტო საქმიანობას 2019 წლიდან.

ეს მოულოდნელი არ არის, თუმცა, ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და "ქართული ოცნების" რეაქცია, რომ დიპლომატების, ბაგა-ბაღის მასწავლებლების და დირექტორების ჩაწერა არის ნორმალური, საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან რეაგირებას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ "საქართველოს მოქალაქეები, არცერთ ეტაპზე არ ეგუებიან და არც არასდროს შეეგუებიან ჩაწერებს".

"ვაპირებ, ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ძალიან ბევრია, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგამდე.

მე არ მაქვს ილუზია, რომ აქ, საქართველოში, ამ სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი, მაგრამ ეს იქნება პროტესტის ძალიან დიდი აქტი. მე მოვისმინე განცხადებები იურისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ მიდის ფიქრი გასაჩივრებაზე.

ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. გავაკეთოთ პროტესტის კოორდინირებული აქტი, რომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ბოროტებას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

14 სექტემბერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.