"კოვიდინფიცირებულთა სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სიკვდილიანობა ქვეყანაში მაშინ შემცირდება, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 50 პროცენტს გადააჭარბებს.
ცერცვაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ 5-6 შემთხვევა გვექნებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა და არ არის ძალიან დაბალი მაჩვენებლები, ეს არის ძალიან ცოტა. დღეში გვჭირდება 40-50 000 ერთეული აცრა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია საკმარისი იყო. უცხოეთშიც არ არის რაიმე განსაკუთრებული კამპანია. სამწუხაროდ, ჩნდება და მიმდინარეობს ანტიკამპანია, მათ შორის ზოგიერთი ცნობილი ექიმისგან. როგორც ჩანს, ეს მოქმედებს და ეს არის იმის მიზეზი, რომ ვაქცინაციის დონე გაიზარდა 30 000-მდე და შემდეგ აღარ გაიზარდა, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, მაგალითად, გუშინ 19 000 იყო. მძიმე შემთხვევები, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ვაქცინაციის ტემპზე. ჩვენ, რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ იქნებოდა გარდაცვალების ხუთი-ექვსი შემთხვევა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.