"ქართული ოცნება" ნაციონალურ მოძრაობას ხელვაჩაურის შტაბში შეჭრაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს, ბრიფინგზე "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი - ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები: მალხაზ თავდგირიძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.
"გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს.
ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არა თუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივზე. ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს.
ამასთანავე, ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში, ქარელში „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც, არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან „ყრიან“. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა ამ მასალას როგორც ვიდეო ასევე ფოტო მასალას მოგაწვდით.
აქვე მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, რომლებმაც თავი შეიკავეს და არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას. ჩვენი შტაბების ყველა წევრს მოვუწოდებთ იყვნენ ფხიზლად და ნებისმიერი მცირე პროვოკაციაც კი, ისევე როგორც დღეს, დააფიქსირონ ვიდეო და ფოტოგადაღების მეშვეობით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.