ე.წ სისხლიან ბანერებს ISFED ცესკო-ში ასაჩივრებს და აუდიტის სამსახურისგან ბანერების დამფინანსებლის გასაჯაროებას ითხოვს

"სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელით მიმართა. სარჩელი ეხება თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსებული სისხლიანი ბანერებს, რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულები.

სამართლიანი არჩევნები გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც იმისათვის, რომ უწყება დაინტერესდეს აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობით.

როგორც ISFED-ს სარჩელშია აღნიშნული, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით.

"კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე", - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ოპოზიციონერი ლიდერების და აქტივისტების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერების გაკვრას "ვისოლ ჯგუფს" უკავშირებს.