მედიისთვის ანონიმურად გაგზავნილ საიდუმლო ფაილებში ერთ-ერთი საქაღალდე რესტორნების, კაფე-ბარების, სასტუმროების თანამშრომლებს, დირექტორებს, მფლობელებსა და მეწილეებს ეხება.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება აქვეყნებს. ინფორმაციას ასევე აქვეყნებს "შაბათის ფორმულა". მათი ინფორმაციით, ჩანაწერებზე დაყრდნობით, დასტურდება, რომ სუსი აკონტროლებს არამარტო სარესტორნო, კაფე-ბარების ქსელების წარმომადგენლებს მფლობელებს, და მეწილეებს, არამედ სამედიცინო სექტორის ხელმძღვანელებს და მფლობელებს.
გამოჟონილ ფაილებში იძებნება საქაღალდე სახელწოდებით - კლინიკები. ყველა სამედიცინო დაწესებულების დირექტორი თუ მფლობელი სუს-ის ინტერესშია.
სუს-ის ფაილებში გადანახულია მომღერალი გია დავითიანის დოსიე, რომელიც რესტორან კავკაზის დირექტორი იყო. საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ მის ობიექტს სუს-ის აგენტები უთვალთვალებდნენ, მომღერლის შესახებ კი ყველაფერი იციან.
ფაილებში საქსტატის მთლიანი არქივი და მოქალაქეების პირადი ინფორმაციაც ინახება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები წელიწადში დაახლოებით 25 ათას მოქალაქეს აღწერენ. ეკითხებიან მათი ოჯახის პირად ინფორმაციას, სად მუშაობენ, რას საქმიანობენ, რა შემოსავალი აქვთ, ჰყავთ თუ არა პირადი ავტომობილი, სად სწავლობენ შვილები, აქვთ თუ არა ფსიქიკური პრობლემები. ეს კითხვების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც საქსტატი მოქალაქეებს უსვამს.