ყოვლეკვირეული ბლოგი Europetime-ზე
(ზ)ომ(ბ)ი
სხვადასხვა აპლიკაცია სულ უფრო მზარდად გამოიყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად, დასახარისხებლად, ტექსტის სათარგმნად... ავტომატურად ნათარგმნ ტექსტებში ბევრ სასაცილო პასაჟს შევხვდებით - მაგალითად, აშშ-ის შტატ ჯორჯიას აპლიკაცია „საქართველოდ“ თარგმნის, ხოლო „საქართველოს“ ინგლისურ დასახელება „ჯორჯიას“ შეცდომაში შეჰყავს აშშ-ის ის მოქალაქეებიც, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ჩვენი ქვეყნის არსებობაზე და ისინიც, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობას ვერ დავაბრალებთ.
ყველას გახსოვთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჟურნალისტების მიერ დაშვებული შეცდომები, სადაც ჯორჯიის საარჩევნო პერიპეტიებს თბილისში გადაღებული სურათები ჰქონდა დართული... ერთი რიგითი ამერიკელი ამომრჩეველი კი თვითერში აპროტესტებდა, ჯორჯიაში ამდენი ბიულეტენი როგორ დარიგდა, დავგუგლე და ხუთ მილიონ ადამიანზე ნაკლები ცხოვრობსო...
ინფორმაციის უპრეცედენტოდ გაზრდილ ნაკადს და ხელოვნური ინელექტის მზარდად გამოყენებას თან ახლავს ურიცხვი შეცდომა (მისინფორმაცია), რომელიც ხან გაგვაცინებს, ხან დაგვაბნევს და ხან შეცდომაში შეგვიყვანს...
გაცილებით დიდი საფრთხეა გამიზნული ინფორმაციული ტყუილი და მანიპულაცია (დეზინფორმაცია), რომლის უკან შესაძლოა, ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ან თუნდაც კრიმინალური ინტერესები დგას... ამ ტიპის ინფორმაციული შტურმი ხორციელდება დაგეგმილად, კოორდინირებულად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ცვლის ადამიანების ცნობიერებას, მსოფლმხედველობას, ცხოვრების წესს და გადაწყვეტილებებს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში....
დეზინფორმაცია ქმნის ინფორმაციულ ქაოსს, რომლის მსხვერპლიც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რელიგიური მიმდევრობისა თუ განათლებისა, თუმცა დეზინფორმაციული შტურმი ყველაზე მოწყვლად სამიზნედ იმ ჯგუფებს აქცევს, ვინც ცუდად ერკვევა აპლიკაციებსა თუ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებში, ვინც მიჩვეულია „დავარცხნილ“ ინფორმაციას, რომლისაც უპირობოდ სჯერა...
კიდევ უფრო დიდი საფრთხეა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანებზე კონტროლისთვის - „ციფრული ტოტალიტარიზმი“... სამოყვარულო დონეზეც კი, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების შესახებ გავიგოთ უამრავი დეტალი - რას ფიქრობს, ვის იცნობს, როგორ გამოიყურება, როგორია მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა, სად მოგზაურობს შვებულების დროს თუ სად გადაადგილდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა აცვია, რას ჭამს, ბინაში რა ფერის ფარდები აქვს... წარმოიდგინეთ, რამდენი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურებს, ჰაკერებს თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აპლიკაციების მოხმარების გარკვეული უნარები აქვთ...
მახსენდება, როგორ ოროსანი სტუდენტივით ვუსმენდი ლექტორს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი აპლიკაციებით სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოპოვების დემონსტრირებას ახდენდა... ჩემი ადამიანური, ემოციური რეაქცია ლექციის შემდეგ იყო ის, რომ არ მინდა ამ ინფორმაციას ვფლობდე და ვიაზრებდე... არ მინდა, იმ ლექტორს დავემსგავსო, ვინც პირადი მოხმარებისთვის მხოლოდ პირველი თაობის მობილურ ტელეფონს ხმარობს და უარს ამბობს ტექსტურ შეტყობინებებზე...საფრთხეც არის და კრიმინალიც ინფორმაციის შანტაჟისთვის გამოყენება - ერთი ჯადოსნური დაწკაპუნება რომელიღაც კლავიშზე ვიღაც ანონიმის მიერ, და ჰოპლა, თქვენს პირად ინფორმაციას თუ პირად ცხოვრებას მთელი სამყარო იხილავს...
ვინც პანდემიის დროს დაინტერესდა ადამიანების მართვის ტექნოლოგიებით, მინდა გაგახაროთ, რომ ჩიპი ვერც ნემსის წვერზე მოთავსდება და ვერც თხევად წამალში ჩაიმალება... მაგრამ მინდა დაგამწუხროთ, რომ კარგა ხანია, გამარტივდა თქვენი მართვა თქვენივე ნებით, თქვენივე სმარტფონებით და ის, რისიც ასე ეშინია ზოგიერთ თქვენგანს, სინამდვილეში უკვე მოხდა - თქვენ გმართავთ ინფორმაცია და დეზინფორმაცია...
ინფორმაციულ საუკუნეში იარაღი ინფორმაციაა და ომისთვის ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი ადამიანები კი ჯარისკაცები, რომლებმაც შესაძლოა, ისე დაანგრიონ საკუთარი თუ სხვისი ცხოვრება, თავადაც ვერ მიხვდნენ რა ჩაიდინეს...
ვერ მოგილოცავთ, მაგრამ გამცნობთ, რომ სპეციალური ლიტერატურა „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებს ინფორმაციულ ომში ჩაბმულ ამ მოხალისეებს...კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ციფრულ სამყაროში, რომელსაც მალე შევეჩვევით და ალღოს ავუღებთ, მანამდე კი შესაძლოა ინფორმაციულ ზომბად ვიქცეთ სხვისი დაზომბების დაუოკებელი წყურვილით...
***
ზომბებს, დასავლეთ აფრიკის რწმენა-წარმოდგენებთან აკავშირებენ, რომელმაც მოგვიანებით ჰაიტის ფოლკლორში დაიმკვიდრა ადგილი და მთელ აშშ-ში გავრცელდა. ზომბი გარდაცვლილი ადამიანის სხეულია, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა საიქიოში გადასვლა, ცნობიერებისგან დაცლილი დაეხეტება სააქაოში და გაავებული ცდილობს სხვა ადამიანების თავის მსგავს ზომბად გადაქცევას...
ამერიკულ კულტურასა და პოპ-კულტურაში ზომბი მძლავრ სიმბოლოდ იქცა, ხოლო ჰოლივუდის ზომბებით დაინტერესებამ ამ მითოლოგიურ არსებებს მსოფლიო ცნობადობა შესძინა. ზომბების ჰოლივუდური ინტერპრეტაციები XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება, მაგრამ აქტუალური 80-იანი წლებიდან ხდება, ბოლო ათწლეულში კი განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა „მოსიარულე მკვდრების“ დაუსრულებელი სერიალით და მისი რემიქსებით.
როდესაც ინტერნეტ და ტელე სივრცეში პირველად გამოჩნდა ეს სერიალი და დიდი პოპულარობა მოიპოვა, გულწრფელად გავოცდი და დამაინტერესა არა იმდენად სერიალმა, არამედ ზომბების მიმართ მზარდმა ინტერესმა... აღმოჩნდა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, ზომბების სიმბოლოს ათასობით სამეცნიერო სტატია თუ მონოგრაფია ეძღვნება და მისით თანაბრად ინტერესდებიან სხვადასხვა დარგის მეცნიერები.
სოციოლოგები და ფსიქოლოგები ზომბების პოპულარობას ხშირად აკავშირებენ ადამიანურ შიშებთან და უძლურებასთან ახალი ტიპის გამოწვევების წინაშე (მაგ. ბირთვული საფრთხეები, ამოუცნობი დაავადებები...) ასევე მზარდი ინდივიდუალიზმის ეპოქაში ადამიანის მიერ სხვა ადამიანის შიშს და სამომხმარებლო საზოგადოებების აღმასვლას...
მარტივად რომ ვთქვათ, ზომბებთან ომი იქცა იმ ყოვლისმომცველ მეტაფორად, რაც ნებისმიერ კულტურულ თუ სოციალურ პრობლემას შეგვიძლია დავუკავშიროთ...
პირადად ჩემთვის, ზომბების მეტაფორა ინფორმაციულ ნიაღვარში ჩაკარგულების თუ ინფორმაციული ნარკოზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების მეტაფორაა... დიახ, დეზინფორმაციის სისტემატური მოხმარება იწვევს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას - ადამიანებს ექმნებათ ინფლუენსერობის ილუზია, რაც ასე ძალიან სურდათ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში განცდილი მრავალი მარცხისა და ოდესღაც ჩაკლული ამბიციების დასავიწყებლად...
საქართველო ნამდვილად იქცა ზომბების საზოგადოებად - გვეცინება ადამიანების სიკვდილზე და გვეტირება ადამიანურ სიკეთეებზე... გვეშინია მითიური საფრთხეების და არ გვაშინებს ხილული საფრთხე...
გვძულს ადამიანები, რომლებიც „გააშავა“ დეზინფორმაციამ და ვეთაყვანებით იმათ, ვის დანაშაულებებზეც ინფორმაცია არავინ მოგვაწოდა... გვაღიზიანებს მედია, რომელიც აშუქებს მძიმე რეალობას და არ გვაღიზიანებენ ამ რეალობის შემქმნელები... სააქაოსა და საიქიოს შორის გაჭედილი ზომბების მსგავსად, ერთადერთ ემოციურ მოთხოვნილებად გვრჩება ვიპოვოთ ახალი მსხვერპლი და ზომბად გადავაქციოთ...
როგორ გადავრჩეთ ზომბების გარემოცვაში, როგორი მოვიგოთ ომი ზომბებთან? - არ ვიცი, იქნებ სწორედ ამიტომ უყურებს ამდენი ადამიანი ზომბების აპოკალიქსზე სერიალებს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება სურს... ან იქნებ ვიცი კიდეც - ნუ მოვცდებით სასარგებლო იდიოტებთან თუ ზომბებთან ჭიდილით - ინფორმაციული საუკუნე გამოვიყენოთ სასარგებლო ინფორმაციისა და განათლების მისაღებად, დავეუფლოთ აპლიკაციებს ქმნადობის და არა დესტრუქციის მიზნით, კარგი საქმეების გასაკეთებლად და რთული საქმეების გასამარტივებლად...
***
ნამდვილად კარგი, ძალიან კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის ყველასთვის - თუ განვითარებას და წინსვლას დაისახავთ პირად მიზნად, ზომბები თუ სასარგებლო იდიოტები, ფსევდო მორალისტები თუ ფსევდო ინტელექტუალები, ფსევდო მორწმუნეები თუ ფსევდო პატრიოტები, ფსევდო პროფესიონალები და ფსევდო გულშემატკივარნი ვერასდროს შეძლებენ დაგეწიონ...
თუ განვითარებას და წინსვლას დაისახავთ პირად მიზნად, სხვასაც წაადგებით...
თუ განვითარებას და წინსვლას დაისახავთ პირად მიზნად, ომი ზომბებთან გადაინაცვლებს იქ, სადაც მისი რეალური ადგილია - ზღაპრებსა და მითოლოგიაში ბავშვების გასართობად...