კაპიტოლიუმზე შტურმის მხარდამჭერთა აქციაზე, პოლიციამ რამდენიმე პირს იარაღი აღმოუჩინა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის. აქციაზე ცივი იარაღი აღმოაჩნდა ასევე ერთ-ერთ მონაწილეს.

აქციის მონაწილეები, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დაკავებულ პირებს უცხადებდნენ მხარდაჭერას.

ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, დაკავებულია კიდევ ორი აქტივისტი, რომელთა ავტომობილიც სამართალდამცავებმა გააჩერეს, რადგან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა ჰქონდათ დარღვეული.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პოლიტპატიმრები არიან.

დემონსტრაციაზე შეკრების ნებართვა არაუმეტეს 700-მდე პირს ჰქონდა, თუმცა უცხოური მედიის ცნობით სულ 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, აქედან 200-მდე მომიტინგე იყო, დანარჩენები კი მედიის წარმომადგენლები და პოლიციელები.

დემონსტრაციის გამო, ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. აქციაზე მობილიზებული იყო 100 ეროვნული გვარდიელი.

6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. არეულობას მოჰყვა მსხვერპლიც. მოგვიანებით, პოლიციამ შტურმში მონაწილე პირების დიდი ნაწილი, 535 ადამიანი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.