ენტონი ფაუჩი: არის იმედი, რომ კორონა ვირუსის პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება

"არის იმედი, რომ კორონა ვირუსის პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება", - ამის შესახებ, აშშ-ს მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

ფაუჩი მიიჩნევს რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იქნება და მასობრივ "ბუსტერს" მხარს უჭერს.

„კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში, ამიტომ, რთულია პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება პანდემია, მაგრამ არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გადავხედავთ, სწორი რეჟიმი მესამე დოზის გაკეთება იქნება. აღნიშნა ფაუჩიმ ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საკითხის შესწავლისას სავსებით შესაძლებელია, რომ ვაქცინირების სწორი რეჟიმი, მინიმუმ მ-რნმ ვაქცინებისთვის (მაგალითად, „ფაიზერისთვის“) ვაქცინირებისას ორი დოზის შუალედი სამიდან ოთხ კვირამდე, ხოლო მესამე დოზის გაკეთების თარიღი რამდენიმე თვეში იყოს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც რჩევებს აძლევს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის დაამტკიცა. თუმცა არ დაამტკიცა მესამე დოზის ფართოდ დანერგვის გეგმა.

ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმასთან, რომელიც ითვალისწინებდა "ბუსტერ" დოზის თითქმის ყველა ამერიკელისთვის მიცემას, დროის განმავლობაში ვაქცინათა ეფექტიანობის კლების საწინააღმდეგოდ.