ალექსეი ნავალნის მოკავშირეები „იუთუბსა“ და „ტელეგრამს“ ცენზურაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიზეზი მათი საარჩევნო რეკომენდაციების შესახებ გავრცელებული მასალების დაბლოკვა გახდა.
მანამდე ნავალნის გუნდის მიერ ამავე მიზნით შექმნილი მობილური ტელეფონის აპლიკაცია წაშალა „გუგლმა“ და „ეფლმა“. ამის გამო რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ინტერნეტ გიგანტები რუსეთის ხელისუფლების ზეწოლას დაყვნენ.
ნავალნის თანამებრძოლებმა სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე გაავრცელეს იმ კანდიდატების სია, რომელთაც მოქალაქეებმა უნდა მისცენ ხმა, თუმცა „იუთუბმა“ და „ტელეგრამმა“ აღნიშნული დოკუმენტები და ვიდეოები დაბლოკა.
საუბარია ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ხმის მიცემის ე.წ. ჭკვიანურ მეთოდზე, რომლის მიხედვითაც ნავალნი და მისი გუნდი მოუწოდებს მოქალაქეებს, ხმა მისცენ კონკრეტულ კანდიდატებს. მათი მტკიცებით, ეს მეთოდი არის ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც რუსეთის მმართველი პარტიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის შესაძლებელი.
„ტელეგრამის“ დამფუძნებელის, პაველ დუროვის განცხადებით, რუსეთში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხმის მიცემის დროს აგიტაცია აკრძალულია. ამიტომ "ტელეგრამმა" ნავალნის გუნდის მიერ გავრცელებული კანდიდატების სია დაბლოკა.
ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა „ტელეგრამის“ გადაწყვეტილებას „ცენზურა“ უწოდა.