დიდი ბრიტანეთი: ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის გარდა, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დანერგვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, თავისუფლებას დაცვა სჭირდება, სწორედ ამიტომ ლონდონი უსაფრთხოების სფეროში მტკიცე ურთიერთობებს ავითარებს მთელ მსოფლიოში“.

აღნიშნული განცხადებით დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთის ბრალდებებს უპასუხა.

როგორც ლიზ ტრასი აცხადებს, ავსტრალიასთან და აშშ-თან გაფორმებული უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის შექმნის გარდა, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აქტიურად დანერგვა.

„ეს აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი მიისწრაფვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას შეუწყოს ხელი“, – წერს ტრასი „სანდეი ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალიის მთავრობა „პირველ ადგილზე აყენებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“.

„საფრანგეთი ინფორმირებული იყო კანბერას ეჭვების შესახებ, რომ პარიზისგან კონვენციური წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, ავსტრალიის ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამებოდა“, - განაცხადა მორისონმა.

როგორც ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბირთვული წყალქვეშა ნავის ბიუჯეტი გადამეტებული იყო და ამასთან საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის ვადები გაჭიანურდა.

"ავსტრალიას სურს მომავალაშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშომლობა საფრანგეთთან", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ და ავსტრალია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მომხდარმა საფრთხის ქვეშ დააყენა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციაც.

"პარიზსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაში კრიზისია", - ასე შეაფასა ჟან-ივ ლე დრიანმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების პაქტი, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია აშშ-ისგან ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიას მიიღებს. შედეგად კი კანბერა გაწყვეტს 37 მილიარდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტს პარიზთან.

დრიანის თქმით, მომხდარის გათვალისწინებით, ნატო-ს 2022 წელს მადრიდში დაგეგმილ სამიტზე სტრატეგიის გადახედვა მოუწევს. ხოლო საფრანგეთი 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის რანგში პრიორიტეტულ საკითხად ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიასთან 37 მილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლის შემდეგ, საფრანგეთმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გამოიწვია. თუმცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთიდან ელჩის გაწვევას არ გეგმავენ.