პატრიარქის თანამოსაყდრე: ადამიანებს ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, შეუძლიათ, ყველაფერი მართონ

"ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ, ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიოს (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები ვფიქრობთ, რომ ჩვენია ყველაფერი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბატონ-პარონნი და გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები.

"რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

პატრიარქის თაამოსაყდრემ ქადაგება ბოროტ მევენახეებზე იგავით დაიწყო.

"უფალი იესო ქრისტე ამ იგავს ეტყვის ისრაელის მთავრებსა და მღვდელმთავრებს. ყველა იგავს აქვს ხოლმე არაერთი განმარტების შრე. ამ იგავის განმარტების პირველი შრე, რა თქმა უნდა, ეს არის ისრაელის ისტორია, მაგრამ ეს არ ეხება მარტო ებრაელ ერს, არამედ ყველა ხალხს, საერთოდ, კაცობრიობას და ყოველ ადამიანს. ეს არის იგავი ღმერთის წინაშე ჩვენს უმადურობაზე იმ სიყვარულის, იმ სასწაულებისა და სიკეთის სანაცვლოდ, რომელთაც უფალი გვიკეთებს ჩვენ და გაუკეთებია ჩვენს გულქვაობაზე, ჩვენს უგრძნობლობაზე, ჩვენს უმადურობაზე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, იმიტომ რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ჩვენს თავზე, ვიდრე იმაზე, თუ რა უხარია, რა სურს ღმერთს და კიდევ უფრო ნაკლებად ვფიქრობთ მოყვასზე.

ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ ჩვენია ყველაფერი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბატონ-პარონნი და გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები. რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი", - დასძინა ადაგებისას პატრიარქის თანამოსაყდრემ.