საპატრიარქოს წარმომადგენლების პოზიცია ფარული ჩანაწერების საქმეზე

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მედიასთან, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ისაუბრეს.

„საპატრიარქომ გააკეთა ოფიციალური განცხადება. პოზიცია გამოატულია. ველოდებით გამოძიებას“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ასევე ისაუბრა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

მისი თქმით, ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იყო ამ ყველაფრით დაინტერესებული, რადგან მომხდარი არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე.

„პირველ რიგში შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაარკვიოს, ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება“. ეს სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. მე დავიბადე გასულ საუკუნეში, ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, ავტორიტარიზმი. იქ ჩვენ ვიცოდით, რომ ისმინება ყველაფერი და თავისთავად ცხადია, ადამიანები სახლებში, გარკვეულ თემაზე, რომელიც ვიღაცის ინტერესის საგანი შეიძლება, გამხდარიყო, ჩურჩულებდნენ ხოლმე. სამწუხაროდ, მსგავსი რამ დღესაც შეინიშნება.

ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რადგან ამან შეიძლება, ადამიანებში გამოიწვიოს უფრო მეტი უნდობლობის, დაპირისპირების გაჩენა. დიდი მკითხაობა არ სჭირდება, რა შეიძლება, ამან მოიტანოს, ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამონგრევა ვინმე ჩვენგანის ინტერესში იყოს, მაგრამ ვიცით, არის ასეთი ძალები, გარეთაც, შიგნითაც. უშუალოდ ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ალბათ, პირველ რიგში უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურმა. იმედი მაქვს, ამ თემებზე პარლამენტში იმსჯელებენ და შესაბამის დასკვნასაც გააცნობენ საზოგადოებას. ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. მეორე მომენტია უკვე, მოსმენებს რა მიზანი აქვს, სჩადის თუ არა ვინმე დანაშაულებრივ ქმედებას. ამაზეც კი ჩვენთანაც არსებობს კანონმდებლობა, რომ საჭიროა შესაბამისი ორგანოს, სასამართლოს ნებართვა და თუ ჩვენი სასამართლო განიხილავს ჩვენს ყველა მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ, ესეიგი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. იმედი მაქვს, უკეთეს შემთხვევაში, ეს ჩვენთვის სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ, რა თქმა უნდა, თუ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს ეჭვი შეაქვს გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობაში და Word-ის ფაილებში ჩაყრილ აბსურდულ ტექსტებს უწოდებს.

"არის თუ არა არავინ არ იცის, რატომ ლაპარაკობთ სუსის ჩანაწერებზე, როდესაც ამ რაღაცეებს არ აქვს წარმომავლობა და არ არის დამტკიცებული. რაღაცეებს მეუბნებით, რომ ვიჭორაოთ. მე იმას არ აღვიქვამ როგორც ფაქტობრივ მასალას... რაღაცა Word-ის ფაილებში ჩაყრილი და გამოაცხადეს ვიღაცეებმა, რომ ეს არის სუსის ჩანაწერები.ეკლესიაც ითხოვს ამ საკითხის გამოძიებას. მე რაღაცა არარსებული ორგანიზაციის არარსებულ თანამშრომელთან მაქვს რაღაცა დაბრალებული და რა უნდა ვილაპარაკო," - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ქადაგების დასრულების შემდეგ, მედიაში გავრცელებული ფარულ ჩანაწერების საკითხზე კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა იოვანემ (მჭედლიშვილი).

მისი თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადასტუროს. თუ ეს დადასტურდა, არის საშინელება და მიუღებელი.

"სუსი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გამოდის, რომ ეკლესია, რომელმაც ქვეყანა 2000 წელი ატარა, ყველაზე დიდი საფრთხეა? არ ვიცი, ეს ერთმანეთში ვერ ჯდება. ამაში მზაკვრობა - სიმართლესთან ერთად, არის ტყუილებიც და ტყუილების სიმართლესთან შეზავება სწორ პასუხს ვერ მოგვცემს. თუ ეს ყველაფერი აუთენტიკური და ნამდვილია და მე დავარღვიე კანონი, პასუხი უნდა ვაგო. მე ჩემს თავზე ვამბობ. სხვაზე რა ვთქვა?“, - ამბობს სასულიერო პირი.

მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, სასულიერო პირებიც ფიგურირებენ. გავრცელებული მასალის აუთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არაა.

მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, სასულიერო პირებიც ფიგურირებენ. გავრცელებული მასალის აუთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არაა.