დავით ზალკალიანი: გაეროში სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ძირითად აქცენტებს რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებზე გააკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას, ძირითად აქცენტებს, რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე და იმ გამოწვევებზე გააკეთებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

"ირაკლი ღარიბაშვილი მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ. ასევე, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომელიც დაგეგმილია ასევე წელს და გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. გენერალური ასამბლეა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამოჩენილი იმ პოზიციიდან, რაც ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას განაპირობებს”, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ნიუ-იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა.